English / ქართული /








Journal number 4 ∘ Kakha Ketsbaia
Sociological Implications of Virtual-Consumer Society

Postmodern transformations of man and society set new challenges to modern sociology which failed to answer them. Therefore it became necessary to form an alternative sociology. Postmodern discourse questions existence of modern sociology not as epistemology but as a theory of society in general. As Baudrillard shows modern  sociology has exhausted itself, even more, nowadays it has no subject to study. Modern sociology was oriented to totality and it is unacceptable for postmodern sociology. Total society underwent total deconstruction. Besides, in classical sociology economics was the factor determining typology of society. Postmodern sociology rejects such a position. According to postmodern sociology economics in a traditional sense of the word is replaced by trans and virtual economics. If the subject matter of modern sociology was modern society and sociology came into existence in result of analysis of such type of society, today we see that modern society has turned into trans-society and modern sociology is unable to study it. Post-society is to be analyzed by post-sociology which will be a sociology of a new dimension though many contemporary scientists think that it is death of sociology. But it is not correct. In this case we speak about a new non-modern model of sociology which has a different subject of research. A new type of society has replaced modern society and consequently traditional sociology is replaced by transsociology.

On the basis of this brief characterization of the post-modern society we can ask whether all these features will drive the world civilization to destruction (not only from the view point of moral but from the view point of physical existence as well) and whether we have to face the so-called civilizational suicide in the form of postmodernism. According to post-modernism, traditional society and man died and we have to face simply their lifeless bodies which have their own (virtual) rules of existence. We think that these rules are absolutely unacceptable for real society and domination of the virtual will end before long. The impression that by means of the post-modern condition the society commits suicide is formed. Time will probably show what the further development in this direction will be and what other surprises it will offer us.

Keywords: Modern; Postmodern; Virtual-Consumer Society; Intertexsttual Virtual Culture; Consumer Madiex; Transsociety; Transpolitics; Transseconomics; Hyper-Society; Suicide civilization.

ვირტუალურ-მომხმარებლური საზოგადოების სოციოლოგიური იმპლიკაციები

 

თანამედროვე სოციოლოგიაში დამკვიდრებული ბევრი ახალი ტერმინი საზოგადოების პოსტმოდერნულ მდგომარეობასთან არის დაკავშირებული. ეს ტერმინებია: „ვირტუალური საზოგადოება“, „მომხმარებლური სიგიჟე“,„პოსტკლასიკური ეპოქა“, „აპოკალიფსური ცივილიზაცია“, „ადამიანისა და საზოგადოების სიმულაცია“ და მრავალი სხვა. ტრადიციული სააზროვნო ჰორიზონტიდან, ამ ერთი შეხედვით, აბსურდულმა და წინააღმდეგობრივმა ცნებებმა მრავალი მითქმა-მოთქმა გამოიწვია სოციოლოგიაში. შესაბამისად, ყოველივე ეს სოციოლოგიური იმპლიკაციების საგანი გახდა. როგორი იქნება სიმულაციებზე, თვალთმაქცობასა და ფასეულობათა იმპლოზიაზე დამყარებული საზოგადოების მომავალი და რა შედეგებით შეიძლება დასრულდეს „მომხმარებლური სიგიჟე“ - ის თემებია, რომლებიც სტატიაშია განხილული.

საკვანძო სიტყვები: მოდერნი; პოსტმოდერნი; ვირტუალურ-მომხმარებლური საზოგადოება; ინტერტექსტუალური ვირტუალური კულტურა; „მომხმარებლური სიგიჟე“; ტრანსსაზოგადოება; ტრანსპოლიტიკა; ტრანსეკონომიკა; ჰიპერსაზოგადოება; თვითმკვლელი ცივილიზაცია.

ვირტუალურ-მომხმარებლური საზოგადოების კრიზისი. „ტაბუ უნდა აეხსნას ყველაფერს! უნდა განვდევნოთ წარსულის ზნეობრივი შეზღუდვები, ყველაფერი კარგია, რაც მე მინდა და მსიამოვნებს! ოღონდ, შეფასებებისას ერთი აუცილებელი წესი უნდა იქნეს დაცული, - სხვისი, განსაკუთრებით უმცირესობის, უფლებები არ უნდა დაირღვეს! ეს კანონია. შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ იკარგება ზღვარი კარგსა და ცუდ საქციელს, სიმართლესა და სიცრუეს შორის. სიმართლე არის ის, რასაც მე მივიჩნევ სიმართლედ და მორჩა! შენ შენი სიმართლე გაქვს? დაიცავი შენი სიმართლე, მე ჩემსას დავიცავ. მე შენს უფლებებს არ შევლახავ, შენც ჩემი უფლებები არ შელახო. დაახლოებით ასეთია ის აზროვნება, რომლის დამკვიდრების მცდელობაც არის დღეს“.

 „ტაბუ ახსნილი“ ევროპული კულტურის კრიზისის ერთ-ერთი პირველი მაცნე რუსო იყო, ხოლო ამ პროცესის შესახებ თამამად აცხადებდა ფრდრიხ ნიცშე.

`ღმერთის სიკვდილი" `ადამიანის სიკვდილსაც" ნიშნავდა, მაგრამ დამცრობილ და დამდაბლებულ, ფუფუნებას, კომფორტსა და ყოველდღიურ ცხოვრებისეულ წვრილმანებს გამოდევნებულ დასავლეთს ნიცშესთვის სათანადო ყურადღება არ მიუქცევია. საბოლოოდ კი, ყოველივე იმით დამთავრდა, რომ "ღმერთის მკვლელმა" კაცობრიობამ "ადამიანიც მოკლა" [1, გვ. 30].  თუკი XX საუკუნე "ღმერთის სიკვდილით" არის სტიგმატიზებული, XXI საუკუნისათვის ამგვარი დამღა "ადამიანის და საზოგადოების სიკვდილი" იქნება უთუოდ.

შექმნილ რეალობას კარგად ესადაგება ნიცშეს მიერ აზროვნების სისტემური წესის ურაყოფა და მის ნაცვლად ფრაგმენტაციული დისკურსი, აფორისტული მაქსიმებითა და სენტენციებით ოპერირება; ფასეულობათა რადიკალური გადაფასება და ონტოლოგიური ნიჰილიზმი; აბსოლუტური შეჭმარიტების უარყოფა და რაციონალური აზროვნების ("კანონმდებელი გონების") ინტერპრეტაციით ("ინტერპრეტაციული გონებით") ჩანაცვლება; ნიცშეს ამგვარი მსოფლმხედველობიდან არც ისე შორი მანძილია დერიდას დეკონსტრუქციამდე და ბოდრიარის "სოციალურობის გაქრობის თეორიამდე".

ევროპული კულტურის მწუხრისა და დეგრადაციის კიდევ ერთ-ერთი მაცნე ოსვალდ შპენგლერი იყო თავისი "ევროპის დაისით". ევროპული კულტურა, სულიერება, განათლება, და რაც მთავარია, დემოკრატია კრიზისშია, - ასეთია ის დასკვნა რომლის გამოტანის საშუალებას შპენგლერის წიგნი იძლევა.

ნიცშესა და შპენგლერთან ერთად, ჰაიდეგერმა შექმნა ხელსაყრელი ინტელექტუალური გარემო პოსტმოდერნული აზროვნებისათვის. ამ შემთხვევაში მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ჰაიდეგერის მიერ ტრადიციული რაციონალო- ბის კრიტიკა, რომლის მიხედვით თამედროვე აზროვნება ინსტრუმენტული და პრაგმატული გახდა. ჰაიდეგერის თქმით, ამგვარი გონების უმაღლესი ფორმა ტექნიკაა, რომელიც ჰუმანიზმისათვის ადგილს არ ტოვებს. "ჰუმანიზმის ჰორიზონტზე ბარბაროსობა ჩნდება". ეს ის "ბარბაროსობაა", რომელიც პოსტმოდერნული - ინფორმაციულ-ვირტუალური მდგომარეობის დადგომას მოასწავებდა [2, გვ. 677].

დრომ აჩვენა, რომ, თავის მხრივ, ვირტუალური საზოგადოებაც კრიზისშია (ფ. ბეგბედერი), იგი რეკლამის, მედიისა და ბიზნესის მეშვეობით თანდათან დეგრადირდება. ინფორმაციული საზოგადოების სიმახინჯეა ის, რომ ვირტუალური სამყაროს მბრძანებლები რეკლამის მწარმოებლებები და მედიამფლობელები ხდებიან, რომლებიც ყველგან არიან. მათ მზერას ვერავინ დაემალება. ამით ისინი ხელს უშლიან ფიქრსა და აზროვნებას. იმისათვის, რომ ადამიანის სულში მომხვეჭელობის სურვილი ჩასახოს, რეკლამა ისეთ ხერხებს იყენებს, როგორიცაა: შური და სიხარბე. დღეს რეკლამის მწარმოებლები განსაზღვრავენ რა არის ჭეშმარიტება, მშვენიერება და სიკეთე [3, გვ. 156].

ვირტუალურ რელობაში ადამიანისა და საზოგადოების კრიზისულ მდგომარებას ეხებიან თანამედროვე სოციოლოგები: ენტონი გიდენსი და ზიგმუნტ ბაუმანი. ინფორმაციული საზოგადოების დეგრადაციას ისინი ადამიანისა და საზოგადოების იდენტობის კრიზისში ხედავენ. მასობრივი ინფორმაციის თანამედროვე საშუალებები და რეკლამა, ყოველდღიური სენსაციების თავს მოხვევით, "დროთა კავშირს" არღვევს. ადამიანს აიძულებს წარსული დაივიწყოს და მომავალზე არ იფიქროს. ინფორმაციული საზოგადოების ადამიანი ვირტუალურ, ნარკოტიკულ ეიფორულ ნირვანაშია ჩაძირული. იგი ტელევიზორის ეკრანს, კომპიუტერის მონიტორს, ვიდეოთამაშებს ან საკუთარ მობილურ ტელეფონს არის მიჯაჭვული. ამიერიდან ადამიანი არ მონაწილეობს იმაში, რასაც აკეთებს და ემოციურად სხვა განზომილებაში ცხოვრობს. ეს სხვა განზომილება ვირტუალური რეალობაა, სადაც ყველაფერი ნებადართულია. ამ რეალობაში ღმერთის ადგილი გართობას უკავია. შემთხვევითობა, ეპიზოდურობა და დისკრეტულობა, რომლებიც ვირტუალური სამყაროს მახასიათებლებია, ადამიანმა რეალურ სამყაროში სხვებთან პიროვნულ ურთიერთობებში გადაიტანა. ამგვარად, ვირტუალური რეალობა ადამიანს ახალ იდენტობას უყალიბებს. უფრო სწორად, იდენტობის დეკონსტრუქციასთან გვაქვს საქმე. ინფორმაციული საზოგადოება იდენტობის პლურალიზმით ხასიათდება. ადამიანები იდენტობას ტანსაცმელივით იცვლიან. ამ ვითარების აღსანიშნავად ბაუმანმა "მეორადი მოხმარების" ცნება შემოიტანა. ვირტუალურ რეალობაში მუდმივი და მარადიული მხოლოდ ტრანსფორმაციის იდეაა. დავაკვირდეთ, თუნდაც მოდერნისა და პოსტმოდერნის არქიტექტურას. პოსტმოდერნულ არქიტექტურაში აშკარაა პლასტმასის პრიმატი.

თავის მხრივ, იდენტობა ადამიანის თვითცნობიერების გარკვეულ პრობლემას ასახავს, რამდენადაც იდენტობა ახსენდება მაშინ, როდესაც საკუთარ თვითობაში არ არის დარწმუნებული: მან არ იცის თუ როგორ დაარწმუნოს გარშემო მყოფნი იმაში, რომ მას საზოგადოებაში რაღაც ადგილი მართებულად უკავია. ამ აზრით, იდენტობა იმის კრიტიკული პროექციაა, რასაც ინდივიდი მოითხოვს. თუმცა ინფორმაციულმა რევოლუციამ შეცვალა პერსპექტივა: ადამიანისათვის აქტუალური გახდა არა ჯგუფთან, ეროვნებასთან, საზოგადოებასა და სახელმწიფოსთან იდენტიფიცირება, არამედ საზოგადოებრივი კავშირებიდან თავის დაღწევა. ამით ადამიანმა საზოგადოებრივი საქმიანობისაგან ხელე- ბი დაიბანა. რითაც სოციალურობა დასრულდა (ბოდრიარი), მაშინ როდესაც ტრადიციული გაგებით საზოგადოებრივ ცხოვრებას მოკლებული ადამიანი ან ცხოველია, ანდა ღვთაება (არისტოტელე).

ბოდრიარის მიხედვით, ამიერიდან სახეზეა ე.წ. ჰიპერსაზოგადოება (ამგვარი საზოგადოება ბოდრიარმა აღწერა თავის მხატვრულ-ფილოსოფიურ ესეიში "ამერიკა"). ის მასა, რომელიც პოსტთანამედროვე საზოგადოებას ქმნის სოციალურობას, სოციალურ ბუნებას მოკლებულია ანუ რაიმე სახის სოციოლოგიურ რეალობას არ წარმოადგენს. მას რაიმე სახის კონკრეტული განსაზღვრულობა არ გააჩნია. გარკვეულობის არ ქონაა მისი გარკვეულობა. საზოგადოების ამ ახალი ტიპის - პოსტსაზოგადოების ანალიზმა, ბოდრიარი მისდაუნებლედ, სოციოლოგიის ახლი ტიპის - პოსტსციოლოგიის იდეამდე მიიყვანა. ამიტომ, ბოდრიარის სამიზნედ იქცა მომხმარებლური საზოგადოება თავისი რეკლამით, ყოველდღიურობით, ტოტალური თავისუფლებითა და სიმულაციებით.

მომხმარებლური საზოგადოების თავისებურებანი

ვირტუალურ-ინფორმაციული საზოგადოების ცენტრალური ფიგურა "Homo Consommatus" _ მომხმარებელი ადამიანი ხდება [4, გვ. 157]. მედია და რეკლამა ადამიანის მომხმარებლური სულისკვეთების გაღვიძებას ემსახურება. მომხმარებლური სულისკვეთების ადამიანს სხვა ადამიანი არ აინტერესებს. მისთვის ადამიანი ისეთივე კონკრეტული საგანია, როგორც სხვა დანარჩენი. ამ ტიპის ადამიანმა კარგა ხანია, რაც ზურგი აქცია ცოცხალ სამყაროს და ხელოვნურ რეალობაში გადავარდა. ასეთ ადამიანს ფსიქოლოგები "მონოცერებრალურ" ერთგანზომილებიანს უწოდებენ. დღეს ეს განზომილება ვირტუალურია. მონოცერებრალურ სუბიექტს ნარცისიზმის გარკვეული ფორმა ახასიათებს, რომლის დროსაც ყოველი მისი სწრაფვა წარმატების მიღწევაზეა მიმართული. ასე იქმნება, ვითომდა წარმატებული და ამბიციური ადამიანის სახე. ამით წარმატების იდეის დევალვაციას აქვს ადგილი. წარმატების მწვერვალი ეკრანზე მოხვედრა და ვარსკვლავად გახდომაა. იდენტობის დეკონსტრუქციამ, ნარცისიზმისა და მოხმარების კულტმა ახალი სოციალურ-პოლიტიკური ფენომენი - ინდივიდუალიზებული უკლასო საზოგადოება შექმნა.

ვირტუალურ-მომხმარებლური საზოგადოების კიდევ ერთ-ერთი გამოვლინება ე. წ. "მომხმარებლური სიგიჟე" და "რომანტიკაა", რომელიც დღეს უკვე რეალობაა. თანამედროვე სოციალურ მეცნიერებაში "მოხმარებით გათანგვაზე, თრობაზე" აპელირებენ. დაახლოებით ასე უნდა ვთარგმნოთ გერმანული Konsumurausch. რომელიც გერმანელების, ავსტრიელებისა და შვეიცარიელიების ყოველდღიურ მეტყველებაში თანდათან დამკვიდრდა. მისი თავისებურებანი კარგად ჩანს საშობაო შოპინგებში. "საშობაო სიგიჟე", თითქმის ყველა ქვეყანაში ერთნაირად ვლინდება: საშობაო ფასდაკლებები, ფართოდ რეკლამირებული საშობაო გაყიდვები და სხვა მისთანანი სავაჭრო ცენტრებში ნამდვილ კომერციულ ბუმს ქმნის, რაც მომხმარებლურ ეპოქაში რელიგიური დღესასწაულების თანმხლები ხდება, თუმცა, დღესასწაული მხლოდ ამით არ შემოიფარგლება, ის მთელი რიგი მითოლოგემებით გამოირჩევა, რომელთაგან ერთ-ერთი, სურვილების ასრულებას უკავშირდება. ერთიანობას, მთლიანობას და თავისთავადობას მოკლებული სოციუმი იქმნის ყალბ ილუზიას ოქროს ხანის დადგომის შესახებ, რაც ცნობიერების სიღრმეში დაფლული არქეტიპების აქტუალიზაციის შედეგად უნდა მივიჩნიოთ. ამ შემთხვევაში ირკვევა, რომ სოციუმის მეხსიერებიდან ჯერ კიდევ არ გამქრალა ისტორიის მთავარი სასწაული _ იესო ქრისტეს შობა, რომლითაც კაცობრიობას ღმერთისაკენ მიმავალი გზა გაეხსნა. ამ ყველაფრის მიუხედავად პოსტთანამედროვე მომხმარებლურ საზოგადოებაში შობის დღესასწაულის მთავარ სიუჟეტად მოხმარება და მომხმარებლური სულისკვეთება რჩება, რაც ადამიანის ზნეობრივ დაცემასა და გადაგვარებაზე მეტყველებს.

პოტენციურად არაფრით განსაზღვრული "ინტერტექსტუალური" ვირტუალური კულტურის პირობებში რაიმე სახის იდენტობაზე (ეროვნული ან სხვა) მსჯელობა შეუძლებელია. იდენტობა აქ გაგებულია, როგორც უმართებულო იგივეობისა და "ცნობიერების მისტიფიკაციის" შედეგი. ამ ტიპის საზოგადოებას არ შეუძლია, რომ საკრალურსა და პროფანულს, ტაძარსა და სავაჭრო ცენტრს, მარხვასა და კარნავალს, სადღესასწაულო წირვასა და სადღესასწაულო შოპინგს შორის არსებულ ონტოლოგიურ სხვაობას შეეგუოს. კარნავალი მარხვის ნიღბით, საშობაო წირვის ნაცვლად შოპინგი და მრავალი მისთანა პოსტთანამედროვე დესაკრალიზებული საზოგადოების ნიშანი გახდა, რომელშიც ჭეშმარიტებაზე, მიზეზზე ან მიზანზე მსჯელობა არაპოლიტკორექტულად და საეჭვოდაა მიჩნეული. კარნავალურობა საოცრად სწორად გამოხატავს იმ სოციოკულტურული სიტუაციის არსს, რომელიც სპექტაკლის სახით ხორციელდება. ამის მიხედვით, წმინდანი ჩანაცვლებულია პროფანით, გმირი - ტაკი-მასხარით. შედეგად მოგებაზე, გართობაზე, ძალადობასა და სექსზე ორიენტირებულ სარეკლამო ესთეტიკას ვიღებთ. ასეთია პოსტმოდერნული ესთეტიკის ძირითადი ტენდენცია.

პოსტმოდერნული ვირტუალური ეპოქა აქტიურად ავრცელებს ამნეზიის ყოველგვარ შესაძლებელ ტექნიკას, რომელიც დიდწილად "ანტიმეხსიერების" სტრატეგიაზეა აგებული. ანტიმეხსიერების ფართოდ რეკლამირებული ფიგურები ტრადიციის იმიტაციით ეტალონურ სიმულაკრად გვევლინებიან და საკუთარის გარდა სხვა წარსულს არ ცნობენ. მისი კულტურული კონტექსტი პირდაპირ კავშირშია მაკდონალდთან, ჰოლივუდთან და დისნეილენდთან. ამ სახის პერსპექტივაში პრინციპული განსხვავება სიკეთესა და ბოროტებას შორის გამქრალია.

სოციალური თვალსაზრისით, პოსტთანამედროვე საზოგადოება იგივე მომხმარებლური საზოგადოებაა. მისი ძირითადი ნიშანი პრაგმატიზმი, მერკანტილიზმი და ცინიზმია.

პოსტმოდერნმა ადამიანთა ცნობიერებაში კულტურული პარადიგმების ცვლილებები და ტრანსფორმირება გამოიწვია. პოსტთანამედროვე ადამიანმა არამხოლოდ უარი თქვა ჭეშმარიტებაზე, არამედ ბუნდოვანი და გაუგებარი გახადა მისი სტატუსი; მან დიადი და ამაღლებული მორალური და რელიგიური, ეგზისტენციალური მიზნებისადმი ინტერესი დაკარგა. კულტურა მასკულტურად, შინაარსიანი და საზრისიანი ცხოვრება ცარიელ, ეფემერულ და ვირტუალურ რეალობად გადაიქცა, რომელმაც ადამიანი რეალურ სინამდვილეს მოწყვიტა. საზოგადოება "სპექტაკლის საზოგადოება" გახდა, რომელიც რეკლამისა და მედიის ტოტალურ ძალაუფლებაზეა დამყარებული. რეალური პოლიტიკა პოლიტ-ტექნოლოგიებმა, ხოლო საზოგადოების ისტორიული განვითარება - "შოუ-ხელისუფლებამ" შეცვალა; ამ ტიპის საზოგადოებაში ყველაფერი _ სექსუალური ცხოვრებით დაწყებული, ფეხბურთითა და პოლიტიკით დამთავრებული, თეატრალიზებულია. ამიერიდან პოლიტიკა აღარ არის ადამიანის სერიზოული საქმიანობა. იგი ძალზე ხმაურიანი სანახაობა და ემოციური განტვირთვის სფე- როა, ხოლო ნამდვილი პოლიტიკოსი ის არის, რომელიც კარგ შოუსა და სანახოაბას მოიფიქრებს და განახორიელებს, ამიტომაც, თანამედროვე პოლიტიკური ბატალიები უშედეგოდ მთავრდება. გართობაზე ორიენტირებული კარნავალური პოლიტიკა რევოლუციური გარდაქმნებისაგან შორს დგას. ასეთ ვითარებაში პოლიტიკა ტრანსპოლიტიკად, ეკონომიკა - ტრანსეკონომიკად, საზოგადოება კი ტრანსაზოგადოებად გადაიქცა. ამიერიდან ადამიანისა და საზოგადოების ცხოვრება ზეხელოვნურობის სტადიაში იმყოფება.

ლიოტარის მიხედვით, პოსტმოდერნი ინტელექტუალთა სასაფლაოა, რადგა- ნაც ის ცვლის ინტელექტუალთა მდგომარეობას საზოგადოებაში. ტრადიციული საზოგადოების ინტელექტუალთა ფენა პოსტმოდერნისტულ საზოგადოებაში გამოუსადეგერი ხდება. პოსტმოდერნმა მათ ყვლაფერი წაართვა და ისტორიის სანაგვეზე მოისროლა. შემოქმედისა და მოაზროვნის ადგილი ე. წ. ექსპერტმა დაიკავა. სერიოზული მწერლობა სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდა და აბუჩად იქნა აგდებული. ინდივიდი, პიროვნება ზომბმა ჩაანაცვლა, რომელიც ყოველგვარ პიროვნულ ღირსებასა და დამოუკიდებელ აზროვნებას მოკლებულია და მხოლოდ სიტუაციების შესბამისი უნარ-ჩვევების ამარაა დარჩენილი. განათლების სისტემა კი მსგავსი უნარ-ჩვევების (სიტუაციური მოქმედების შესაბამისი) ფორმირებაზეა ორიენტირებული. ტრადიციულ საზოგადოებაში ინეტლექტუალებს წამყვანი პოზიციები ეკავათ კულტურის, ხელოვნების, განათლების, პოლიტიკისა და თუნდაც იდეოლოგიის სფეროში. პოსტთანამედროვე საზოგადოებამ მთლიანად წაართვა მათ ეს ადრინდელი პრივილეგიები. თუკი მათ ადრე ადამიანები "ბასტილიის ასაღებად" მიჰყავდათ, ახლა უკვე ამისათვის აღარ სცალიათ, რადგან საკუთარი კარიერისათვის ზრუნვით არიან დაკავებული და ამისათვის ათასგვარ კონკურსებში უწევთ მონაწილეობის მიღება. ამიერიდან ისინი მმართველი და კანონმდებელი ელიტარული გონების პრეტენდენტები კი არა, კონკრეტული ფუნქციის (პრაგმატული) შესრულებაზე არიან ორიენტირებულნი. ინტელექტუალი, რომელსაც ადრე "მართებული საქმის": სჯეროდა, დღეს კომიკურ მდგომარეობაში იმყოფება. ლიოტარის თქმით, შემოქმედის ადგილი უნიჭო და დამოუკიდებელი აზროვნების უნარს მოკლებულმა ადამიანებმა დაიკავეს. სამწუხაროა, მაგრამ მოდერნისტული ეპოქის ინტელექტუალები პოსტმოდენულმა რეალობამ კარგა ხანია საფლავს მიაბარა (შდრ. ლიოტარის "ინტელიგენციის საფლავი") [5, გვ. 228].

პოსტმოდერნისტულ საზოგადოებაში ცხოვრების კვარცხლბეკზე "კაცუნა" (ნიცშეს ტერმინია) დგას, რომელიც კლასიკურ "ინტელექტუალურ კომპლექსებს/; აბსოლუტურად მოკლებულია და მხოლოდ მისი თანამედროვე განათლებისა და ცივილიზაციის მონაპოვარით ცხოვრობს. მან ზედმიწევნით იცის ცხოვრებით ტკბობა და, რაც ყველაზე მთავარია, როგორ იშოვოს ფული. მისი ცოდნის არსენალი ბიზნესგეგმის შედგენით, კომპიუტერის (ბოდრიარის მიხედვით, "ადამიანური გონების ხელოვნური პროთეზის") ცოდნითა და პირადი კარიერული წარმატების მიღწევისათვის საჭირო უნარ-ჩვევებით (რომელიც უზნეო მოქმედებებსაც მოიცავს) ამოიწურება. ერთი სიტყვით, ის მეგაპოლისის ცივილიზაციის კაცია, რომელსაც ჩვეულებრივი ბუნებრივი გარემო ცუდად ხდის. ამ "კაცუნასთვის" ღმერთი, ჭეშმარიტება, სამშობლო და სხვა მსგავსი მაღალი მორალური იდეალები არაფრისმთქმელი სიტყვებია. მას გვერდს "უმშვენებს" ზომბი -  დაპროგრამებული არსება ("მანქურთი"), უისტორიო, ყოველგვარ ინდივიდუალობას მოკლებული, რომელიც იმ მოწყობილობას ჰგავს, რომელიც სხვა მოწყობილობაზეა მიერთებული და მის გარეშე მოქმედება და ფუნქციონირება არ შეუძლია. პოსტთანამედროვე საზოგადოების ადამიანი მოკლებულია ყოველგვარ ასკეტიზმს. ის მხოლოდ ერთი დღისთვის ცხოვრობს. იგი, ფაქტობრივად, არ ფიქრობს ხვალინდელ დღეზე, ხოლო შორეული მომავალის ცნება მისთვის სრულიად უცხოა. მისი ცხოვრების მთავარი სტიმული პროფესიული და ფინანსური წარმატებაა, რომელსაც უნდა მიაღწიოს არა ცხოვრების ბოლოს, არამედ აქ და ახლა, რაც შეიძლება მალე. ამ ამოცანის შესასრულებლად მისთვის ცხოვრების ნებისმიერი წესი, სტილი და სტრატეგიაა მისაღები, თუნდაც ყველაზე ამორალურიც კი. თუკი მოდერნისტული საზოგადოების ადამიანი იტყოდა: "აქა გდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს", პოსტმოდერნისტული საზოგადოების ადამიანი იტყვის: "ვდგავარ იქ, სადაც მინდა და როგროც მინდა". ამიტომ მას კლასიკური გაგებით მყარი, ერთხელ და სამუდამოდ მოცემული საყრდენი არა აქვს. მისთვის არ არსებობს ისეთი ცნებები, როგორიცაა მემარჯვენე, მემარცხენე ან ცენტრისტი. შესაბამისად, არც მსგავსი იდეოლოგიები. იგი ე. წ. "სოფტ-იდეოლოგიის" მომხრეა, რომელშიც მშვიდობიანად თანაარსებობს ისეთი ფაქტები და მოვლენები, რაც ადრე ერთმანეთთან შეუთავსებელი და წინააღმდგეობრივი იყო (ამის გამოხატულება შეიძლება იყოს თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებული ე. წ. "კოჰაბიტაცია"). მსგავსი ვითარება რაღაც ნეოფატალიზმის მსგავს მითოსს ქმნის, რომელშიც ადამიანი უმწეოდ გამოიყურება. პოსტთანამედროვე  საზოგადოებაში  დაკარგულია  ინტერესი  ყოველგვარი მიზნისადმი. აქ არ არსებობს დიადი მიზნები იმიტომ, რომ ზოგადად მიზანი არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს.

პოლ რიკიორის თქმით, დღეს შესამჩნევია "მიზნების ატროფია და საშუალებების ჰიპერტროფია", რაც ამ მიზნებითა და იდეალებით იმედგაცრუებამ გამოიწვია [6, გვ. 182]. მათ ვერ შესარულეს თავიანთი პირობა. ვერცერთმა მოდერნისტულმა იდეამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, ამიტომ ადამიანებს მომავლის იმედი გაუქრა, ის თითქოს ვიღაცამ მოიპარა.

ტრადიციული საზოგადოება და ადამიანი ისტორიულობით ხასიათდება. ის ისტორიულ დროში არსებობს. დროის ამგვარი აღქმა პოსტთანამედროვეობაში უარყოფილია. მან ამოწურა თავისი თავი. ამიერიდან ადამიანი სივრცით აზროვნებაზეა ორიენტირებული, რადგანაც რეალობა რომელშიც ის აღმოჩნდა, ჰიპერრეალობას წარმოადგენს, რომელშიც დროის ტრადიციული გაგება გამოუსადეგარია. საზოგადოების პოსტმოდერნისტული ტრანსფორმაცია მტკივნეულად აისახება კულტურაზე. ამ შემთხვევაში კულტურული მეინსტრიმის რადიკალურ ცვლილებასთან გვაქვს საქმე. შესაბამისად, პოსტთანამედროვე საზოგადოებაში გაბატონებულ მდგომარეობას იკავებს მასკულტურა, ხოლო მასში, მოდა და რეკლამა. შექმნილ ახალ რეალობაში მოდა იმ როლსა და ფუნქციას ასრულებს, რასაც მოდერნისტულ საზოგადოებაში მითოსი, რელიგია, ფილოსოფია და მეცნიერება ასრულებდა. ის მოიცავს და აკანონებს ყოველივეს, რადგანაც ყოველივე, რასაც იგი არ შეხებია, მიუღებლად ითვლება, არსებობის უფლება არა აქვს და კულტურის ელემენტად არ აღიქმება. ეს მეცნიერულ თეორიებსაც შეეხება. დღეს ყურადსაღები მხოლოდ მოდური მეცნიერული თეორიებია, რომელთა ფასეულობა არა შინაგანი ღირსება და ჭეშმარიტების წვდომა, არამედ გარეგნული ეფექტები, ფრაზებით ჟონგლიორობა, ყალბი ერუდიცია და მიმზიდველობაა. აქედან მომდინარეობს მეცნიერებისადმი უნდობლობა, ნიჰილისტური და ცინიკური დამოკიდებულება.

აღსანიშნავია, აგრეთვე ის, რომ პოსტმოდენისტულ ტრანსფორმაციას განიცდიან ისეთი მყარი და ტრადიციული სოციალური ინსტიტუტები, როგორიცაა ოჯახი, ეთიკის სფერო და რელიგია.

ოჯახური ცხოვრების სფეროში ამის მაგალითებია ე.წ. "ერთჯერადი ოჯახების გაჩენა", "თავისუფალი სექსუალური ცხოვრების" პროპაგანდა, გენდერული და ფემინისტური დებატები, სქესთან დაკავშირებული თემატიკის გააქტიურება, ერთნაირსქესიანთა ქორწინება და მრავალი სხვა.

რელიგიის სფეროში აშკარაა ადამიანისა და საზოგადოების დესაკრალიზაცია, რელიგიური ცხოვრების ვირტუალიზაცია, პროფანაცია, რასაც შედეგად ტრადიციული რელიგიური ცხოვრებისადმი ცინიკური დამოკიდებულება მოჰყვება და ა. შ. ეს ყოველივე, რელიგიური გაგებით, იმას უნდა ნიშნავდეს, რომ არც ისე შორსაა აპოკალიფსი.

ეთიკის სფეროში პოსტმოდერნიზმის შემთხვევაში სახეზეა მორალური რეალატივიზმი, ნიჰილიზმი და ფასეულობათა დევალვაცია, რასაც შედეგად ჭეშმარიტებასა და მცდარობას, სიკეთესა და ბოროტებას შორის განსხვავების უარყოფა მოჰყვება. ყოველივე ეს კაცობრიობის „დასასრულს დაუდებს სათავეს, რამეთუ „კაცობრიობას ზნეობრივი ადამიანები ქმნიან“ [7, გვ. 24]. ლოგიკის სფეროში პარალოგიზმია (ბოდვა) გაბატონებული. ერთი სიტყვით, ამაზე მეტად ადამიანისა და საზოგადოების დაცემა და გადაგვარება ძნელი წარმოსადგენია. ეს ყოველივე ისეთი შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს, კაცობრიობა თავს იკლავს.

დასკვნა:

1. პოსტმოდერნულ საზოგადოებაში მედია-საშუალებების, ინფორმაციისა და გართობის ინდუსტრია ბატონობს, რომელმაც ტრადიციული საზოგადოების ფასეულობითი სამყარო ჩაანაცვლა. ქსელურ საზოგადოებაში ვირტუალური ეკონომიკა ბატონობს, რომელიც ნიშნების მწარმოებელი სისტემებით მანიპულირებს და საკუთარი თავის გარდა სხვას არაფერს აღნიშნავს. შექმნილი ტოტალური ვირტუალური, ზეხელოვნური რეალობა ნამდვილ სინამდვილეს აზრს უკარგავს.

2. ვირტუალურ-მომხმარებლური საზოგადოების სოციოლოგიური იმპლიკაციები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კლასიკურ ონტოლოგიურ, აქსიოლოგიურ და მორალურ კატეგორიებს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე მაღალი სულიერების, ხელოვნების, ფილოსოფიისა და სწორი სამეურნეო-ეკონომიკური ცხოვრების საფუძველი იყო ყოველთვის, თავისი მნიშვნელობა არ დაუკარგავს.

3. სინამდვილეში, ვირტუალურ-ინფორმაციული სივრცე თანამედროვე სოციუმის ზედაპირული გარსია მხოლოდ. დიდი მიხვედრა არ სჭირდება იმას, რომ ვირტუალურ სივრცეში კონსტრუირებულ ფსევდორეალობას მომავალი არ ექნება და ყოველგვარი ექსპერიმენტები ამ სფეროში იმთავითვე დასაღუპავად განწირული იქნება.

4. პოსტმოდერნიზმის სახით ე. წ. თვითმკვლელ ცივილიზაციასთან გვაქვს საქმე. პოსტმოდერნმა გაანადგურა ტრადიციული საზოგადოება, ადამიანი, მაგრამ ამჟამად თვითონ აღმოჩნდა განადგურების საფრთხის წინაშე, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირტუალურის ბატონობა დიდხანს არ გასტანს.

ლიტერატურა:

1. Ж, Бодрийяр, Америка, М,, 2000. 2. ე. გიდენსი, სოციოლოგია, თბ., 2011.

3. კ. ქეცბაია, პოსტმოდერნი და საზოგადოების თვითმკვლელობა, კრებული „ფილო- სოფიური ძიებანი“, ტ. 20, თბ., 2015.

4. Ж, Бодрийяр, Общество потребления, М., 2006, Ч. 3.

5. Ж. Ф. Лиотар, Склеп интелигенций, М., 1990.

6. П. Рикёр, Герменевтика, Этика, Политика, М., 1995.

7. რ. გოგოხია, ბიბლიურ-ფილოსოფიურ-ანთროპოლოგიური სიბრძნე: „შეიცან თავი შენი“ და თანამედროვეობა. თბ., 2017.